English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ვახტანგ ბურდული
საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის გაუმჯობესების პრობლემები

ვრცელი რეზიუმე

1990-ანი წლების დასაწყისში, ეკონომიკის პოსტსაბჭოური დაცემის შემდეგ, საქართველოში, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების უმეტესობაში, მკვეთრად შეიცვალა ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა, დაიკარგა მრავალი აუცილებლად საჭირო დარგი და წარმოება. მართალია, მათი უმეტესობა მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებდა, მაგრამ სახალხო-სამეურნეო კომპლექსი დივერსიფიცირებული და გარკვეულ ფარგლებში თვითკმარი იყო (პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტსა და იმპორტს შორის საკმაო წონასწორობის გათვალისწინებით). იმ დროიდან მრავალი წელი გავიდა, საქართველოში მიღწეულია შედარებითი ეკონომიკური სტაბილურობა, ვითარდება სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა, საბინაო მშენებლობა, ხდება წარმოებების ინფორმაციულ-ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიებით აღჭურვა, მაგრამ ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა არ შეესაბამება ინოვაციური ტიპის ეკონომიკისათვის დამახასიათებელ ნეოინდუსტრიული განვითარების თანამედროვე სტანდარტებს. ამიტომ ვერ ხერხდება ექსპორტ-იმპორტის სალდოს დამაკმაყოფილებელი პარამეტრების მიღწევა, ახალ ტექნოლოგიურ ბაზაზე ბევრი აქტუალური სამრეწველო დარგის რეანიმაცია, სოფლის მეურნეობის დაუმუშავებელი ფართობების გამოყენება.

სიტუაციის გასაუმჯობებისებლად საჭიროა პრიორიტეტული დარგების წინმსწრები განვითარების საფუძველზე ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის რადიკალური ცვლილება, რაც შესაძლებელს გახდის მაღალი სტრუქტურული ეფექტის მიღწევას, რომელიც განისაზღვრება უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებით. ამისათვის საჭირო ეკონომიკური განვითარების დინამიზმის უზრუნველსაყოფად საჭიროდ მიგვაჩნია ეკონომიკის თანამედროვე დარგობრივი სტრუქტურის ნაკლოვენებების შეფასების განხორციელება და მისი გაუმჯობესების (რესტრუქტურიზაციის) გზების დასახვა.

შედარებით მცირე ქვეყანაში ყველა დაკარგული დარგის ახალ ტექნოლოგიურ ბაზაზე რეანიმაციის შესაძლებლობა არ არის. ასევე, არ შეიძლება ვილაპარაკოთ წარმოების დიდ მასშტაბებზე ახალი და მოდერნიზებული ტრადიციული დარგების დიდ რაოდენობაში. ზოგიერთ სექტორში (სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა) უნდა სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს თითოეულ მათგანში შემავალი (ქვეყანაში არსებული) ყველა დეტალიზებული დარგი, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი მოსახლეობის მოთხოვნილებები და, სადაც ეს შესაძლებელია, დიდი მოცულობით წარმოებდეს პროდუქციის ექსპორტი (საქართველოში, მაგალითად, ხილის, ციტრუსებისა და ღვინის ექსპორტი), ზოგიერთ სხვა სექტორში (მაგალითად, მსუბუქი და სამშენებლო მასალების მრეწველობებში) მიზანშეწონილია მათში შემავალი დარგების უმეტესობის წონასწორული განვითარება ან რეანიმაცია მათი იმპორტჩანაცვლებითი და ექსპორტული პოტენციალის ზრდის გათვალისწინებით. მაგრამ საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ მცირე ან საშუალო ზომის სხვა ქვეყანაში, შეუძლებელია ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების სფეროს და ა. შ. Mმრავალი სახის დარგის განვითარება. ასეთ სექტორებში საჭიროა პრიორიტეტული დარგების დასახვა და მეწარმეებისა და სახელმწიფო კოორდინაციის ძალისხმევის მიმართვა მათ დაჩქარებულ განვითარებაზე. ამიტომ, სახელმწიფოს მიერ დარგობრივ-სტრუქტურული განვითარების (რესტრუქტურიზაციის) კოორდინაციისა და ბიზნესის მიერ ინვესტიციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვანია არსებული სიტუაციის შეფასება როგორც საერთოდ მთელი დარგობრივი სტრუქტურის, ასევე ცალკეულ სექტორებში შემავალი დარგების ჭრილში.

ამასთან, დარგობრივი რესტრუქტურიზაციის განხორციელებისას საჭიროა ორიენტაციის აღება “სტრუქტურული ეფექტის” მიღებაზე. სტრუქტურული ეფექტის შეფასება, ჩვენი აზრით, შეიძლება ექსპორტის პოტენციალის და იმპორტჩანაცვლების ზრდის მაჩვენებლებით, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გამოშვების ზრდისა და სხვა მსგავსი მაჩვენებლებით, მაგრამ, ჩვენი აზრით, სტრუქტურული ეფექტის ყველაზე მნიშველოვან მახასიათებელს წარმოადგენს ეკონომიკის თვითკმარობის დონე,რომლის ძირითადი ინდიკატორია დარგების ჯგუფების ჭრილში თვითკმარობის მაღალი დონე(კვებისა და მსუბუქი მრეწველობის, სამშენებლო მასალების მრეწველობისა და ენერგეტიკის პროდუქტების მიხედვით ასევე მნიშვნელოვანია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი) და ექსპორტ-იმპორტის დადებითი სალდო დარგების ჯგუფების მიხედვით. სტრუქტურული ეფექტის მისაღწევად საჭიროა საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული შინაარსის მიზანმიმართული ტრანსფორმაცია.

დარგების ზოგიერთ ჯგუფში (სექტორებში) მეურნეობის თვითკმარობის (რაც შეიძლება შეფასდეს ამ დარგების ჯგუფების მიხედვით ექსპორტის და იმპორტის მოცულობებისა და, ასევე, ადგილობრივი წარმოების (ექსპორტის ჩათვლით) იმპორტის მოცულობასთან შედარებებით) მიღწევა საჭიროა არა წარმოების სწრაფი ზრდის ხარჯზე მოცემული ჯგუფის (სექტორის) ყველა დარგში, არამედ ამ ჯგუფში შერჩეული პრიორიტეტული დარგების (ქვესექტორების) ხარჯზე, რომელთა პროდუქციის ექსპორტი იმპორტის კომპენსაციას მოახდენს ამ ჯგუფის სხვა დარგების სასაქონლო პოზიციების მიხედვით (ან, რაც უკეთესია, საქონლის ექსპორტი მოცემული ჯგუფის დარგების მიხედვით უფრო მეტი იქნება, ვიდრე იმპორტი).

ამ სტატიაში დარგობრივი სტრუქტურის ნაკლოვანებები გამოვლენილი დაგანხილულია დარგების ჯგუფების ჭრილში(სასაქონლო პოზიციების მიხედვით ადგილობრივი გამოშვების,ექსპორტის და იმპორტის გათვალისწინებით), დარგობრივი სტრუქტურის გაუმჯობესების სავარაუდო საერთო მიმართულებები კი ისეთნაირად არის განსაზღვრული,რომ მიღწეულ იქნეს მნიშვნელოვანი სტრუქტურული ეფექტი.

დარგების ყველა განხილული ჯგუფის მიხედვით (ენერგეტიკის დარგები, კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგები, ქიმიური და პოლიმერული მრეწველობის დარგები, სამშენებლო მასალების მრეწველობის დარგები და ა. შ.) ეკონომიკის თვითკმარობის დონე მეტ-ნაკლებად დაბალია, მსუბუქი მრეწველობისა და მაღალთექნოლოგიური დარგების მიხედვით კი (დარგების უკანასკნელ ჯგუფში სტატისტიკური მასალების მიხედვით ჩემ მიერ გაერთიანებულია დარგების საკმაოდ ფართო სპექტრი, დაწყებული ავტომანქანებისა და ჩარხმშენებლობის დარგებიდან, დამთავრებული ინფორმაციულ-ტელეკომუნიკაციური საწარმოო ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო ნაკეთობების მწარმოებელ დარგებით) _ უკიდურესად დაბალი.

საქართველოს ეკონომიკის “სტრუქტურული გადაორიენტირება” უნდა მიმდინარეობდეს შემდეგი მიმართულებებით: 1) ჰესების აშენების ხარჯზე ელექტროენერგეტიკის სიმძლავრეების გაზრდა. ასევე, გფრ-ის და აშშ-ის მაგალითზე ორიენტაციით მზის ელემენტებზე დამყარებული სიმძლავრეებით გამომუშავებული ელექტროენერგიის მთლიან ელექტროენერგეტიკულ ბალანსში ხვედრითი წილის თანდათანობით ამაღლებით, დაახლოებით 10%-მდე მიყვანა; 2) მაღალტექნოლოგიური დარგების მიერ გამოშვებული პროდუქციის ხვედრითი წილის მიზერული დონიდან საგრძნობ დონემდე გადიდებით. ამისათვის საჭიროა განვითარების რამდენიმე მიმართულების არჩევა როგორც რომელიმე ტრადიციული დარგის რეანიმაციის საფუძველზე (მაგალითად, ახალი ტექნოლოგიების ბაზაზე მრავალპროფილიანი ჩარხმშენებელი ქარხნის აშენება; თანამედროვე ტელევიზორების და კომპიუტერული მონიტორების ქარხნის აშენება და სხვა), ასევე, ახალი დარგების ჩამოყალიბების გზით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არჩეული წარმოების ნიშა მსოფლიოში გადამეტებულად არ იყოს გაჯერებული (მაგალითად, თანამედროვე მზის ელემენტების წარმოების დაფუძნება ან საკუთარი მეწარმეების ძალებით შესაბამისი საწარმოო ტექნოლოგიების იმპორტირების საფუძველზე, ან უცხოური კორპორაციის საწარმოების მოწვევით); ამასთან, როგორ ითქვა, მრავალი საბოლოო პროდუქტის მიხედვით შეუძლებელია წარმოების მთელი ტექნოლოგიური ციკლის ცალკეულ ქვეყანაში განთავსება, ამიტომ, საჭიროა სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ტექნოლოგიურ ჯაჭვებში ეროვნული ფირმების ჩართვის ხელშეწყობა;3) სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მომიჯნავე დარგების კოორდინირებული გაფართოება მათი იმპორტჩანაცვლებითი და ექსპორტზე ორიენტირებული ფუნქციების ზრდით; 4) სოფლის მეურნეობასთან მსუბუქი მრეწველობის მომიჯნავე დარგების წარმოების რეანიმაცია, რაც უპირველესი რიგის ამოცანაა; 5) ქიმიური, პოლიმერული, მეტალურგიული, კომპოზიტური (მათ შორისმეტალოპლასტიკების) და სამშენებლო მასალების წარმოების ისეთი დაჩქარებული განვითარება, რომ გარკვეულ პერიოდში ამ დარგებისათვის დამახასიათებელი პროდუქციის მიხედვით ჯამური ექსპორტ-იმპორტის სალდო დადებითი გახდეს; 6) ხე-ტყის გადამმუშავებელი ქარხნების განვითარება, უპირველეს ყოვლისა, ავეჯისა და ხის სამშენებლო ნაკეთობების წარმოებაში; 7) მომსახურების დარგების განვითარება მათი ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტჩანაცვლებითი შესაძლებლობების გაზრდაზე ორიენტაციით.

მაშასადამე, იმისათვის, რომ ახლო მომავალში დარგობრივი რესტრუქტურიზაციის პროცესში მიღწეულ იქნეს წონადი სტრუქტურული ეფექტი (უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკის თვითკმარობის დონის ამაღლების ხარჯზე), საჭიროა, კერძოდ: ელექტროენერგეტიკაში ყურადრების გამახვილება ჰესების მშენებლობაზე; კვებისა და მსუბუქი მრეწველობების დარგებში იმპორტჩანაცვლებითი და ექსპორტზე ორიენტირებული ახალი საწარმების უფრო სწრაფი შექმნა და არსებულების სიმძლავრეების გაზრდა, ამასთან, ამ დარგების სასოფლო-სამეურნეო სანედლეულო ბაზის იმავდროული გამაგრებით (გამყარებით); სამშენებლო მასალების დარგების შემდგომი განვითარება და, ნაწილობრივ კი, რეანიმაციაც; მეტალურგიული და პოლიმერული მრეწველობების ახალი დარგების განვითარება (კერძოდ, კომპოზიტური, მათ შორის მეტალოპლასტიკური, მასალებისა და მათგან ნაკეთობების წარმოება) და ა. შ. მთავარი კი, რის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის სალდოს არსებითი გაუმჯობესება, საჭიროა უპირატესად ექსპორტზე ორიენტირებული (არჩეული განსაზღვრული პრიორიტეტულობის კრიტერიუმებისა და წარმოებისათვის გათვალისწინებული პროდუქციის გასაღების შესაძლებლობის შეფასებების მიხედვით) მაღალტექნოლოგიური დარგების დაჩქარებულ განვითარებაზე გადასვლა (ახალ მშენებლობაზე ან ახალი ტექნოლოგიური ბაზის გამოყენებით რეანიმაციაზე), მაგალითად, ინფორმაციულ-ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩარხების მშენებლობა, მზის ელემენტების წარმოება და ა. შ.